გზამკვლევი
შინაარსი
წარმოიდგინეთ... დილაა, ზარი გირეკავთ, უნდა ადგეთ, გაემზადოთ და წახვიდეთ სამსახურში, მაგრამ თვალს ახელთ და აღმოაჩენთ, რომ უზარმაზარ მწერად ხართ გადაქცეული. წარმოუდგენელია, არა? სწორედ ასე იწყება ფრანც კაფკას საკულტო ნაწარმოები „მეტამორფოზა“, რომელიც მკითხველს შოკისმომგვრელ და დამაფიქრებელ სამყაროში გადაისვრის.
ისტორიის ცენტრში დგას გრეგორ ზამზა, ჩვეულებრივი კომივოიაჟერი, რომელიც მთელი ცხოვრება ოჯახისთვის შრომობს – მშობლებისთვის, უმცროსი დისთვის გრეტესთვის, მამის ვალებსაც კი ისტუმრებს. ერთ დღეს ის იღვიძებს და მწერია. ნებისმიერი ადამიანის პირველი რეაქცია ალბათ შოკი, პანიკა, საკუთარი თავის შეცოდება იქნებოდა. თუმცა, გრეგორის პირველი ფიქრი არა ისაა, თუ რა დაემართა, არამედ ის, რომ მატარებელზე აგვიანდება და სამსახურს დაკარგავს. საოცარია, ხომ? თითქოს მისთვის ყველაზე დიდი ტრაგედია სამსახურის დაკარგვაა და არა ის, რომ მწერად გადაიქცა. მისი ხმაც კი „ცხოველის ხმასავით“ ჟღერს და ოჯახი, მენეჯერთან ერთად, შეშინებული უკან აბრუნებს ოთახში.
იზოლაცია და ცვლილებები ოჯახში
ამის შემდეგ გრეგორი თავის ოთახშია გამოკეტილი. ნელ-ნელა ეჩვევა ახალ სხეულს, სიამოვნებს კიდეც კედლებზე და ჭერზე ცოცვა. მწერად ქცევა მის გემოვნებაზეც მოქმედებს – აღარ მოსწონს რძე და პური, სამაგიეროდ დამპალ საჭმელს ეტანება. ოჯახს კი, გრეგორის შემოსავლის გარეშე, მძიმე დრო უდგება. მშობლები და გრეტე იძულებულები ხდებიან, სამსახური იპოვონ.
თავიდან მისი უმცროსი და, ერთადერთი ადამიანია, ვინც მასზე ზრუნავს. საჭმელი მიაქვს, ოთახს უწმენდს, ცდილობს თანაუგრძნოს. მაგრამ დროთა განმავლობაში მისი მოთმინება იწურება. გრეგორი მისთვის ტვირთი ხდება, ზიზღსაც კი იჩენს მის მიმართ. ხვდებით, არა? საყვარელი და ნელ-ნელა მას ზურგს აქცევს. ეს მზრუნველობა უფრო მოვალეობაა, ვიდრე სიყვარული.
რაც შეეხება მამამისს, რომელიც მანამდე უმოქმედო და მოტივაციის გარეშე იყო, ის ბანკში იწყებს მუშაობას და სრულიად იცვლება. უფრო გამართული, მოვლილი და ჯანმრთელი ჩანს. ეს ცვლილება მის ახალ როლს უსვამს ხაზს ოჯახში – ის ხდება ავტორიტეტი, რომელიც ადრე გრეგორი იყო.
კულმინაცია და ადამიანურობის დაკარგვა
ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სცენაა, როცა ოჯახი გრეგორის ოთახიდან ავეჯის გატანას ცდილობს. გრეგორი სასოწარკვეთილი ცდილობს, გადაარჩინოს კედელზე ჩამოკიდებული ქალის პორტრეტი ბეწვის ქურქში – ეს მისი ბოლო კავშირია ადამიანურ წარსულთან. ამ სცენის დროს დედა გონებას კარგავს, მამა კი მას ვაშლებს ესვრის. ერთ-ერთი ვაშლი ზურგში ხვდება, უჟეჟდება და, საბოლოო ჯამში, გრეგორის სიკვდილის მიზეზი ხდება.
გარდაუვალი დასასრული და ახალი დასაწყისი?
ნოველა სრულდება ოჯახის გასეირნების სცენით „თბილ მზეზე“. ისინი თავიანთ სამომავლო გეგმებს განიხილავენ: ახალ სამსახურებს, პატარა სახლში გადასვლას. თითქოს მათთვის ახალი, უკეთესი მომავალი იწყება. ამ სცენაში გრეტე კიდევ უფრო გარდაიქმნება – ლამაზ ახალგაზრდა ქალად და მშობლები მისთვის ქმრის პოვნაზე ფიქრობენ. მისი ცხოვრება, თითქოსდა, თავიდან იწყება.
რაზე გვიყვება ეს წიგნი სინამდვილეში?
ერთი შეხედვით, ეს უცნაური ისტორიაა ადამიანზე, რომელიც მწერად იქცა. მაგრამ თუ დავუკვირდებით, კაფკა გვიჩვენებს გაუცხოებას. ხშირად ვართ ისეთ სიტუაციებში, როცა თავს უცხოდ ვგრძნობთ, მაშინაც კი, როცა ჩვენს ოჯახთან ან მეგობრებთან ვართ, არა? გრეგორი ხომ მწერად ქცევამდეც მარტოსული იყო. ეს წიგნი გვაჩვენებს, როგორ იცვლება ადამიანების დამოკიდებულება, როცა ვინმე ტვირთი ხდება. ოჯახი, რომელიც გრეგორზე იყო დამოკიდებული, მის გარეშე თითქოს უფრო ძლიერდება. ეს ნაწარმოები გვაფიქრებს პასუხისმგებლობაზე, თანაგრძნობაზე, საკუთარ თავზე ზრუნვაზე და იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ადამიანური ურთიერთობები. გვიჩვენებს, რომ ზოგჯერ ადამიანები მწერებზე უარესებიც შეიძლება იყვნენ. კაფკა გვიჩვენებს ადამიანურობის თანდათანობით დაკარგვას. ეს პროცესი იწყება გრეგორის ფიზიკური გარდასახვით, მერე მოყვება მისი გაუგებარი ხმა, უუნარობა შეასრულოს მარჩენალის მოვალეობა. მისი შეცვლილი გემოვნება, მამის აგრესია, გრეტეს მზრუნველობის მოვალეობად ქცევა, ოჯახის ფინანსური დამოუკიდებლობა, მდგმურების გამოჩენა – ეს ყველაფერი გრეტეს იმ განცხადებამდე მიდის, რომ „ეს აღარ არის გრეგორი“. გრეგორის ადამიანურობა ოჯახისთვის მის ფუნქციურ როლზე იყო დამოკიდებული. როგორც კი ის აღარ იყო მარჩენალი, აღარ იყო „ადამიანი“, ის უბრალოდ ტვირთად იქცა. ეს ხომ ზუსტად ასახავს იმ დეჰუმანიზებულ საზოგადოებას, სადაც ინდივიდის ღირებულება მისი პროდუქტიულობითა და ეკონომიკური წვლილით განისაზღვრება.
რატომ უნდა წაიკითხოთ ეს წიგნი?
ოდესმე გიგრძვნიათ თავი უსარგებლოდ? ან იქნებ ვინმეს მიმართ გქონიათ ზიზღი, ვინც ადრე გიყვარდათ? კაფკა ამ წიგნში ისეთ უნივერსალურ თემებს ეხება, როგორიცაა მარტოობა, ოჯახური დინამიკა, საზოგადოების დამოკიდებულება განსხვავებულის მიმართ. ეს ამბავი დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც მაშინ, როცა დაიწერა. ის გვაიძულებს დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი, რას ნიშნავს იყო ოჯახის წევრი, და რას ნიშნავს, როცა შენს სიცოცხლეს აზრი ეკარგება სხვების თვალში.
შეიძლება გრეგორი სულაც არ შეგიყვარდეთ, მაგრამ დაფიქრდით: იქნებ თქვენც მსგავს სიტუაციაში გქონდათ არჩევანი და სხვანაირად მოიქეცით? ან იქნებ ოდესმე თქვენც მიგიტოვებიათ ვინმე მარტო, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა თქვენი გვერდში დგომა? ეს წიგნი გვაიძულებს, ვიფიქროთ ჩვენს პასუხისმგებლობებზე და იმაზე, თუ რამდენად ჰუმანურები ვართ, როცა საქმე რთულ არჩევანს ეხება. სწორედ ამიტომ, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, კიდევ ერთხელ დავფიქრდი იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია, არასოდეს დავკარგოთ თანაგრძნობა, თუნდაც ყველაზე უცნაური და გაუგებარი ადამიანების მიმართ.
ნუთუ ეს წიგნი მხოლოდ წარსულის ამბავია? ნუთუ ჩვენს ირგვლივ, დღესაც, არ ხდება ასეთი რაღაცები? დაფიქრდით, ოდესმე თუ გიგრძვნიათ თავი „მწერად“, როცა თქვენს გარშემო მყოფებს აღარ აინტერესებთ თქვენი შინაგანი სამყარო, მხოლოდ იმას ხედავენ, რას აძლევთ მათ?